saqarTvelos qvabulebi - axalcixis qvabuli
სინონიმი: სამცხის ქვაბული.
ტექტონიკური ეროზიული მთათაშორისი ქვაბული სამხრეთ საქართველოში. ზღვის დონიდან 1300 მ. მდინარე მტკვრის ზემო აუზში. ჩრდილოეთიდან შემოფარგლულია მესხეთის ქედის, სამხრეთიდან ერუშეთის ქედის, დასავლეთიდან არსიანის ქედის კალთებით; აღმოსავლეთით ესაზღვრება თრიალეთის ქედის დასავლეთი დაბოლოება.
ახალციხის ქვაბულის ძირის აბსოლუტური სიმაღლე საშუალო 900-1000 მ ქვაბულის კალთები აგებულია შუაეოცენური ასაკის ვულკანოგენური ქანებით, ხოლო შუა ნაწილი ზედა ეოცენის თაბაშირიანი ქვიშიან-თიხოვანი წყებით, ოლიგოცენური თიხებითა და ქვიშიან-თიხოვანი ნალექებით, აგრეთვე მიო-პლიოცენის ტუფოგენური (გოდერძის) წყებით. მეოთხეული ნალექები მტკვრისა და მისი შენაკადების ხეობათა ძირზეა.
ქვაბულის ცენტრში ტერასული ვაკეა. კლდეებზე განვითარებულია ბორცვიან-სერებიანი ეროზიული ლანდშაფტი, უმთავრესად რელიეფის ნაზი ფორმებით; ვულკანოგენურ წყებებზე რელიეფი კლდოვანია. 1200-1300 მ ზემოთ მესხეთის, ერუშეთისა და არსიანის ქედების კალთების საკმაოდ დანაწევრებული მთა-ხეობათა რელიეფია.
ახალციხის ქვაბულში ძირითადად მთის სტეპის ჰავაა. ზამთარი - ცივი, შედარებით მშრალი, ზაფხული - ხანგრძლივი და თბილი. იანვრის საშუალო ტემპერატურა - 2,2° C (ასპინძა), - 5,4°C (აბასთუმანი) ფარგლებში მერყეობს, აგვისტოში 17,3°C-იდან (აბასთუმანი) 20,5 °C-მდე (ახალციხე). საშუალო წლიური ტემპერატურა 6,5° C , 9,5° C . აბსოლუტური მინიმალური -29° C ,-32° C , აბსოლუტური მაქსიმუმი 36° C , 39° C . ნალექები 400-520 მმ წელიწადში. ქვაბულის ფერდობებზე ზემოთ ზომიერი ნოტიო ჰავაა ცივი ზამთრითა და გრილი ზაფხულით.
ახალციხის ქვაბულის ჰიდროგრაფიულ ქსელს შეადგენს მდინარე მტკვარი და მისი შენაკადები - ფოცხოვი (შენაკად ქვაბლიანით), ურაველი, წინუბნისწყალი და სხვა. ტბებიდან აღსანიშნავია წუნდა და სათახვე. მინერალური წყაროებია აბასთუმანში (ოცხე), ახალციხეში, ასპინძაში, ურაველში და სხვა.
ახალციხის ქვაბულში 1300-1400 მ სიმაღლემდე ტყის რუხ-ყავისფერ და ყავისფერ ნიადაგებყე ტყესტეპის ლანდშაფტია, ქვაბულის ფარგლებს გარეთ, 2000-2200 მ-მდე ტყის ყომრალ ნიადაგებზე განვითარებულია მთის ტყის, უფრო ზემოთ - მთა-მდელოს ლანდშაფტი.